თეთრიწყაროში, სოფელ მაწევანის ტყეში, სადაც 22 ივლისს, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო.
ექსპერიმენტს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებიც ესწრებიან. ადვოკატი ამბობს, რომ ექსპერიმენტი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მიხეილ რამიშვილს იმედი აქვს, რომ ეს მოქმედებები ამ დრომდე არსებულ ყველ კითხვას გასცემს პასუხს.
ადვოკატს ეჭვებს უჩენს ხუთდღიანი ძებნის შემდეგ აღმოჩენილ მანქანაში არსებული ტემპერატურა და ექსპერიმენტის ერთ-ერთი მიმართულება მისი დადგენაა.
"ტემპერატურა გაიზომება ავტომობილში, აგრეთვე გაიზომება ის, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი. ეს არის 24-საათიანი ექსპერიმენტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დადასტურდეს ჭეშმარიტება. დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ" ამბობს რამიშვილი.
ექსპერიმენტში გამოიყენებენ გარდაცვლილი პროგრამისტის მანქანის მსგავს ავტომობილს, რომელიც იმ მარშრუტს გაივლის, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, ბაჩალიაშვილმა გაიარა.
ექსპერიმენტს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებიც ესწრებიან.