სკანდალური მიმოწერა შაქარაშვილის საქმეში - ბრალდებულთა ადვოკატები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები "მთავარი არხის'' მიერ მოპოვებულ სკანდალურ მიმოწერაზე, რომელიც გური ამირხანაშვილსა და სავარაუდოდ, გამომძიებელს შორის შედგა, გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

უფლებადამცველების თქმით, თუ მიმოწერა ნამდვილია, ის თავდაყირა დააყენებს მთელ საგამოძიებო პროცესს, რადგან მიმოწერები ადასტურებს, რომ ამირხანაშვილი საგამოძიებო უწყების მუქარისა და  ფსიქოლოგიური ზეწოლის საფუძველზე ცვლის ჩვენებებს.

ამ მიმოწერებით იკვეთება, რომ ბ-ნ ამირხანაშვილზე საგამოძიებო უწყებიდან ძალადობენ, მასზე ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ემუქრებიან დაჭერით. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია და იმედი მაქვს, რომ საგამოძიებო უწყება დაინტერესდება აღნიშნულით. ეს საკითხი ყველაფერს შეცვლის და აბსოლუტურად თავდაყირა დააყენებს ფაქტობრივ გარემოებებს, - ამბობს ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი თემურ მაისურაძე კი ირწმუნება, რომ გამოძიებას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს საქმის მთავარ მოწმეებთან, გურამ ამირხანაშვილთან და ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან.

ისინი არიან ტესტირებული მოწმეები, რომლებიც გავლენის ქვეშ არიან. გამოძიება უნდა დაიწყოს კონკრეტულად იმ ოპერატიული მუშაკებისადმი, რომლებმაც მას გადასცეს ტელეფონი, - აღნიშნავს მაისურაძე.

არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა ეთანხმება უფლებადამცველებს და ამირხანაშვილისა და იმ კონკრეტული პირის პასუხისგებაში მიცემაზე საუბრობს, რომელიც საქმის "ოქროს მოწმეებს" წერს და მითითებებს აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ახალი მტკიცებულება გიორგი შაქარაშვილის საქმეში "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. ტელეფონი, რომლითაც ამირხანაშვილი სარგებლობდა, არაერთ მიმოწერას ინახავს. წყარო "მთავარ არხს" უყვება, რომ ეს ტელეფონი მთავარ მოწმეს გამომძიებლებმა მისცეს და ის მხოლოდ ოპერატიულ თანამშრომლებთან კონტაქტისთვის უნდა გამოეყენებინა.

ტელეფონი იმდენად გასაიდუმლოვებული კომუნიკაციის საშუალება იყო, რომ ამირხანაშვილს ის სახლშიც კი არ შეჰქონდა, თუმცა დაუდევრობით მან ის დაკარგა, მიმოწერები კი გასაჯაროვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი