ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი დირექტორობის კანდიდატი არ აირჩია. სამეურვეო საბჭოს 13 წევრიდან, ხათუნა ლომთათიძის წინააღმდეგ მხარი 12-მა წევრმა მისცა.
დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სკოლის ყოფილი დირექტორი, ტარიელ კალანდაძე რჩება. განათლების სამინისტრომ ის დირექტორთა არჩევნებში კანდიდატად არ წარადგინა. აღნიშნულს მასწავლებლებისა და მოსწავლეების პროტესტი მოჰყვა.
სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატი კიდევ ორმა სკოლამ - ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლამ და წალენჯიხის სოფელ ჯგალის საჯარო სკოლამ არ აირჩია.
ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით დირექტორთა არჩევნები 900-ზე მეტ საჯარო სკოლაში უნდა ჩატარდეს, თუმცა სამინისტრომ, აბსოლუტურ უმრავლესობაში სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინა. სკოლის დირექტორობის არაერთი მსურველი კი არჩევნებს მიღმა დარჩა.