"გამიჭირდება ვადების დასახელება" | თურნავა ვერ ამბობს, როდის აღდგება სავალუტო ფონდის პროგრამა

გამოქვეყნდა:

საქართველოსთვის 249 მილიონი დოლარის გამოყოფის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჯერ ისევ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას. როდის განახლდება პროგრამა, პასუხი არ აქვს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს. 

"პროგრამის აღდგენას ველოდებით სწრაფად, ოპერატიულად. მე ახლა გამიჭირდება ვადების დასახელება, მაგრამ ეს არის ჩვენს ინტერესში, რომ რაც შეიძლება მალე აღდგეს. მნიშვნელოვანია ჩვენთვის სავალუტო ფონდის პროგრამა, მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, საერთაშორისო რეიტინგებისთვს და დადებითი მესიჯები რაც მე მივიღე სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრიდან, მაძლევს იმედს, რომ სწრაფად მოხდება პროგრამის აღდგენა" ამბობს ნათია თურნავა.  

ცნობისთვის, 17 ივლისს ცნობილი გახდა,რ ომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის მიმოხილვა შეჩერდა. მათი ცნობით, შეჩერების მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებულ ცვლილებებს სავალუტო ფონდი თავიდანვე აკრიტიკებდა. ფონდი ასევე მიიჩნევდა, რომ საკითხზე პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო არ უნდა დაეძლია. IMF-მა მიუთითა, რომ პროცესები სებ-ის დამოუკიდებლობას და სანდოობას აზიანებდა, თუმცა სავალუტო ფონდის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საბოლოოდ კი, სებ-ში "ქართული ოცნების" ინიციატივით შექმნილ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დაინიშნა. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი