ერთი თვიანი ლოდინის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგები ცნობილია. დასკვნაში მხოლოდ იმ მედიკამენტების ჩამონათვალია, რომელიც ავტომობილიდანაა ამოღებული. თუმცა ადვოკატი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს ემთხვევა თუ არა თამარის მიერ "გუგლში" მოძებნილი პრეპარატები ავტომობილში ნაპოვნ და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ პრეპარატებს. მიხეილ რამიშვილი, გარდაცვლილის ოჯახთან ერთად ასევე ეცნობა ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტს, რომელიც კამერების ჩანაწერებიდან ამოიღეს. ამ ჩანაწერებით უნდა დადგინდეს, მართლაც ხაიშთან ქრება თუ არა პროგრამისტის კვალი და შეხვდა თუ არა ვინმეს, ვიდრე მარნეულის გავლით თეთრწყაროში ჩავიდოდა.
პარალელურად, გამოძიება ახლა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გოლთეთან მუშაობს, სადაც თამარის ავტომობილი აღმოაჩინეს. 24 საათიანმა ექსპერიმენტმა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მოთხოვნით ტარდება პასუხი უნდა გასცეს კითხვას, იყო თუ არა ავტომობილში თამარის ცხედარი ამ ადგილზე ოთხი დღის განმავლობაში. ასევე, არის თუ არა ცხედარზე არსებული გვამური დაზიანებები ჰაერის ტენიანობითა და ტემპერატურით გამოწვეული. ადვოკატი კი ამ ექსპერიმენტისგან იმის დადასტურებას ელის, რომ ავტომობილი იქ არ იდგა.
საგამოძიებო ექსპერიმენტში დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მამაც მონაწილეობდა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა მიმდებარე ტერიტორია ერთი თვის შემდეგ, კიდევ ერთხელ, დაათვალიერა. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დარწმუნებულია, რომ თამარი მოკლეს, ცხედარი იქ 22 ივლისს მიიტანეს, შემდეგ კვალი ჯერ თეთრიწყაროს, მოგვიანებით კი ქვემო ქართლის პოლიციამ წაშალა. ჯუმებრ ბაჩალიაშვილი კონკრეტულ სახელებს და გვარებს ასახელებს. პოლიციის მაღალჩინოსნებს თამარის ფლეშკის გაქრობასა და მტკიცებულებების წაშლაში ადანაშაულებს.
რა მიზანს ემსახურება 1 თვის შემდეგ თერმული და ტემპერატურული ექსპერიმენტი გაუგებარია ცენტრ "ემპათიას" დირექტორისთვის. მარიამ ჯიშკარიანი, ერთი თვეა ცხედრის სამედიცინო და ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას ელის. ვარაუდობს, რომ ერთი თვის თავზე 24 საათიანი ექსპერიმენტი სამხარაულს და გამოძიებას ბევრ ინფორმაციას არ მისცემს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაბრუნების შემდეგ ოჯახი თბილისის პროკურატურაში მივიდა. თამარ ბაჩალიაშვილის დედას პროკურორთან შეხვედრაზე კითხვების ჩამონათვალი ჰქონდა, მთავარი მოთხოვნა მუხლის გადაკვალიფიცირება და გამოძიებაში Facebook-ის ექსპერტების ჩართვაა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პროკურატურა ამერიკული საგამოძიებო ჯგუფის ჩამოყვანისგან თავს იკავებს და ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტებს სთავაზობს.
ოჯახისა და ადვოკატის მტკიცებით, გამოძიებამ საქმეზე მუშაობა რეალურად რამდენიმე დღეა დაიწყო. მათი მტკიცებით, რაც უფრო მეტ მტკიცებულებასა და საგამოძიებო მასალას ეცნობიან, უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ მათი თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხულია და პროკურატურას საქმე განზრახ მკვლელობასთან აქვს.