სექტემბრის დასაწყისში, ყოფით სამეზობლო დავაზე პოლიციამ კახა გურგენაძე დააკავა. გურგენაძეები იხსენებენ რომ მეზობელთან მომხდარი უთანხმოების გასარკვევად ბათუმის პოლიციის მე-3 სამმართველომ მათ სახლში სპეცოპერაცია ჩაატარა.
გურგენაძე სამართალდამცავებმა მაშინვე განყოფილებაში გადაიყვანეს. ოჯახის მონაყოლით სწორედ იქ დაიწყო მათი პრობლემები. დედამ და მეუღლემ კახა გურგენაძეს რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ბათუმის შს სამმართველოში მიაგნეს. ოჯახის მტკიცებით პოლიციელები დაკავებულისგან მათთვის სასურველი ჩვენების მიღებას ქუჩური მეთოდებით ცდილობდნენ.
ოჯახი პოლიციის მაღალჩინოსანს, აჭარის რეგიონის პოლიციის დირექტორს, გრიგოლ ბესელიას ადებს ხელს. მათივე თქმით, დაკავებული კახა გურგენაძის გამოკითხვის პროცესს ბესელიას კაბინეტში რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანიც ესწრებოდა. მათ შორის - ბათუმის სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე, სამმართველოს უფროსის მოადგილე ჯემალ ჭყონია და აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე, რომელიც აჭარის პოლიციის უფროსის, გრიგოლ ბესელიას მოადგილეა.
გურგენაძეები ამბობენ რომ გამოკითხვის დროს პოლიციის მაღალჩინოსნებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს და ირაკლი დგებუაძე დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
გადაამეტეს თუ არა პოლიციელებმა უფლებამოსილებას - ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან ძალადობაში დადანაშაულებული ირაკლი დგებუაძე მთელი დღე არ გამოჩენილა. მან არც ჩვენ სატელეფონო ზარებს უპასუხა. "მთავარი არხის" შეკითხვებს გაექცა დგებუაძის უფროსი გრიგოლ ბესელიაც.
გურგენაძეების ოჯახი ამტკიცებს, რომ სწორედ გრიგოლ ბესელიაა ის პირი ვინც კახა გურგენაძეს ქვეყნის დატოვებას მანამდეც სთხოვდა. პოლიციის უფროსის მოთხოვნა ერთხელ შესრულდა და ორი შვილის მამა გარკვეული პერიოდი მეზობელ ქვეყანაში გადავიდა, თუმცა სამშობლოში დაბრუნება გაუჭირდა.
გურგენაძეების ბრალდებების ადრესატები არიან ბათუმის საქალაქო საქართველოს უფროსის მოადგილე ჯემალ ჭყონია და აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილე დავით რიჟვაძე. დაკავებულის დედა ამბობს, რომ ჯემალ ჭყონია მის შვილს ნარკოტიკული საშუალების ჩადებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონკრეტულ ვადაში არ დატოვებდა.
გურგენაძეებმა სამართლებრივი დავა დაიწყეს. ოჯახმა საჩივარი თითქმის ყველა უწყებაში შეიტანა. საქმის შესწავლა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. გამოიკითხა კახა გურგენაძეც, რომელმაც გამომძიებლებს მასზე განხორციელებულ ძალადობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თუმცა გურგენაძის მონაყოლის დადასტურება შესაძლოა გაჭირდეს. როგორც აღმოჩნდა არც სამხარეო და არც ბათუმის პოლიციის სამმართველოების კამერები "არ მუშაობს".
5 სექტემბრის ჩანაწერების გაქრობა საქმეს კიდე უფრო საეჭვოს ხდის. გაუმართავია თუ არა ნამდვილად კამერები, ამ დრომდე უცნობია.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით იძიებს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით გულისხმობს. საგამოძიებო სამსახურში გვითხრეს რომ გურგენაძის საქმეზე უკვე გამოიკითხეს აჭარის პოლიციის 7 მაღალჩინოსანი, მათ შორის, უშუალოდ ძალადობაში დადანაშაულებული ირაკლი დგებუაძე და გრიგოლ ბესელია.
ოჯახი ობიექტურ გადაწყვეტილებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.