ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის გამო ორი კომპანიის დირექტორი პასუხისგებაში მისცეს. ხორცის ფალსიფიკაციის ფაქტი საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საწარმოს მიერ ნახევარფაბრიკატების წარმოებისას განიზრახეს, დამზადებული პროდუქციის რაოდენობის ზრდისა და შესაბამისი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შეემცირებინათ პროდუქციის წარმოების ხარჯი და ახდენდნენ წარმოებისათვის აუცილებელი ინგრედიენტების ჩანაცვლებას სხვა იაფფასიანი პროდუქტით, - წერია უწყების განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ ფალსიფიცირებულ-თვისობრიობა შეცვლილ საკვებ პროდუქტში ტენის, ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების მასიური წილი და ენერგეტიკული ღირებულება არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.