"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანია, შეაფერხოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, რათა ეს უკანასკნელნი მოქალაქეებს ვეღარ დაეხმაროს. მისი თქმით, სახელისუფლებო მედია "იმედი" ორგანიზაციას ე.წ. "რევოლუციონერული" სცენარის ნაწილად აცხადებს. სიუჟეტი, რომელზეც მარიკაშვილი საუბრობს დღეს უნდა გავიდეს ეთერში.
მარიკაშვილი ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდა დაჯარიმებული ადამიანების დახმარების გამო ორგანიზაციის წინააღმდეგ კამპანიას ამზადებს. საუბარია აქციებზე დაჯარიმებული 12 ადამიანისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული 35 000 ლარამდე ოდენობის ჯარიმის გადახდაზე, რომელიც ორგანიზაციამ შეაგროვა. საქმე ეხება "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს.
"ამ პროექტის [გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის ფონდი] იდეა არის ის, რომ ხალხს აქციის ან სხვა ფორმით გამოხატვის მონაწილეებს, რომლებსაც ეზღუდებათ მათი კონსტიტუციური უფლება, მათ შორის სანქცირების სახითაც, რომ შეუმსუბუქოს ფინანსური ტვირთი, რომელსაც მათ სახელმწიფო აკისრებს. რაც მოვახერხეთ ჩვენი ძალისხმევით, რომ ეს ფინანსები მოგვეზიდა და შემდგომ ეს ჯარიმები გადაგვეხადა, დამერწმუნეთ, იმ ადამიანებისთვის იყო ძალიან დიდი შვება, იმიტომ, რომ ეს ადამიანები იყვნენ ძირითადად სტუდენტები, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი შემოსავალი.
თავდასხმის საკითხი ჩვენზე გადის იმაზე, რომ ხელისუფლებას არ უნდა რომ ქართული NGO-ები, საქართველოში არსებული არასამთავრობო სექტორი დაეხმაროს საქართველოს მოსახლეობას", - ამბობს მარიკაშვილი.