შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ შიდა ქართლის პოლიციის მაღალჩინოსანი დააკავეს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ი.გ. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს", - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.