
"სახელმწიფო არ არის უნარიანი, 3 წლის თავზე თავისი მოქალაქე გადმოიყვანოს კონტროლირებად ტერიტორიაზე", - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე: "სოლიდარობა ირაკლი ბებუას" ირაკლი ბებუას ბიძაშვილი საუბრობს.
რუსების მიერ უკანონოდ გატაცებული და დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები მისი გათვისუფლების პროცესში ხელისუფლების აქტიურ ჩარევას მოითხოვენ. ოჯახი ამბობს, რომ არ გაჩერდებიან მანამ, სანამ ირაკლის არ გაათავისუფლებენ.
"სახელმწიფო არ არის შესაბამისადვე მონდომებული, იმიტომ რომ, როგორც ვიცით, ირაკლი სამი წელია უკვე პატიმრობაში იმყოფება.
დღევანდელ განვითარებულ მოვლენებს თუ შევეხებით, ვხედავთ, რომ ღაზის სექტორში, უცხელეს წერტილში, სადაც ტყვეების გაცვლა ურთულესია, სახელმწიფო და ახერხებს, რომ საკუთარი ტყვეები გადმოიყვანოს თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე. 30-წლიანი ომის დასრულების შემდეგაც კი. ჩვენი სახელმწიფო არ არის უნარიანი, რომ სამი წლის თავზე თავისი მოქალაქე გადმოიყვანოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ოჯახი არ გაჩერდება მანამ, სანამ ირაკლი არ იქნება გათავისუფლებული და ვთხოვთ, გამოიყენონ ყველა ბერკეტი", - ამბობს ირაკლი ბებუას ოჯახის წევრი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავა დე ფაქტო ხელისუფლებამ. ამავე წლის 8 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ბებუა "დროშის" დაწვას აღიარებს, საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას კი არა. ოკუპირებულ აფხაზეთში სასჯელის გამოყენების წესის შესაბამისად (რომელიც დაკისრებული სასჯელის რეალური მოხდის ვადას 2-ჯერ ამცირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე), ირაკლი ბებუას 1 წელი და 5 თვე აქვს დარჩენილი გათავისუფლებამდე.
ორ თვეში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტი ამოქმედდება თუმცა უკვე ცნობილია, რომ ის ბებუას არ შეეხება.
ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება.