თამარ ბაჩალიაშვილის საქმე კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. ექსპერტიზის შუალედურ დასკვნით გოგოს ორგანიზმში არ არის აღმოჩენილი არც ნარკოტიკული არც ფსიქოტროპული და არც ტოქსიკური მედიკამენტების კვალი. უფრო მეტიც, ექსპერტების ჩანაწერით შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ გოგონა სიცოცხლის ბოლო პერიოდში იღებდა ანთების საწინააღმდეგო და ბლოკატორ მედიკამენტებს, მათ შორის სიცხის დამწევ და ტკივილგამაყუჩებელ "იბუპროფენს". ოჯახი ჯერჯერობით რადიკალურ ზომებზე არ მიდის და სამედიცინო - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო შედეგს ელოდება, მაგრამ ამ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ ბაჩალიაშვილები კიდევ უფრო დარწმუნებით საუბრობენ მკვლელობის ვერსიაზე და გზებზეც.
თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი ვერც შუალედურმა ექსპერტიზამ დაადგინა. გოგონას სისხლში ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური, ტოქსიკური ნივთიერებების ან ალკოჰოლის შემცველობა არ დგინდება. შინაგან ორგანოებში აღმოჩენილია მხოლოდ სხვადასხვა სახის მედიკამენტი.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს ნივთიერებები სხეულში ინექციის გზით მოხვდა. მშობლებს არ აქვთ პასუხი, როგორ მოხვდა გოგონას სხეულში წამლები, რომლებიც მას თან არ ჰქონია.
დასკვნაში ოთხი ძირითადი მედიკამენტია ჩამოთვლილი. პრეპარატების ანოტაციაში წერია, რომ ისინი არითმიის, ალერგიისა და ანთების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. შუალედურ დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ ბაჩალიაშვილის შინაგან ორგანოებში "იბუპროფენის" კვალიცაა - როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს პრეპარატები არათუ გარდაცვალებას, სავარაუდოდ კომასაც კი არ გამოიწვევდა.
ბიოლოგიური ობიექტები განიცდიდა ლპობას - ეს არის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედური დასკვნიდან შენიშვნის სახით ჩაწერილი ინფორმაცია, რომელმაც სავარაუდოდ, სამხარაულის ექსპერტებს არაერთი კითხვა გაუჩინა. სწორედ ამიტომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 24 საათიანი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. ექსპერიმენტმა უნდა დაადგინოს ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო თუ არა ცხედარზე ისეთი სიმძიმის დაზიანებები ყოფილიყო, რომ ოჯახს გარდაცვლილის ნახვის შესაძლებლობაც ვერ მიეცა.
ოჯახი და ადვოკატი დარწმუნებული არიან, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი თეთრიწყაროს საძოვრებზე 21 ივლისს გამთენიისას მიიტანეს. საქმის პროკურორი, რომელიც დღეს 24 საათიან ექსპერიმენტს ესწრებოდა არ პასუხობს კითხვას, თავად გამოძიება რას ელოდება ამ ექსპერიმენტისგან და აქვს თუ არა ეჭვი, რომ ავტომობილი იქ პროგრამისტის დაკარგვის დღესვე არ იდგა.
პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება თამარ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელ კორპუსში. ჰკითხავენ მეზობლებს, პროკურატურაში კი გამოკითხვებზე იბარებენ იმ მოწმეებს, რომლებიც კრიმინალურმა პოლიციამ უკვე არაერთხელ დაკითხა და მათ ჩვენებებში შეუსაბამობებია.
როგორც ოჯახი ამბობს, ისინი თვის ბოლოსთვის სამედიცინო და ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო შედეგებს ელოდებიან, სწორედ ამ შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი, შეიძლებოდა თუ არა თამარის გარდაცვალება წნევის, ალერგიისა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს გამოეწვია. ოჯახი საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალური ზომების მიღებას აპირებს და აქციების დაწყებას არ გამორიცხავს.