მოშიმშლე არასრულწლოვანი დღეს სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეოთხე დღეა შიმშლობს. მის პროტესტს კიდევ ორი არასრულწლოვანი შეუერთდა. პროტესტის უკიდურეს ფორმას ბრალდებულებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც გამოძიებამ მათი და სხვა პირების სიცრუის დეტექტორის გამოყენებასა და ამ ფორმით გამოკითხვაზე უარი უთხრა.
არასრულწლოვანმა ბრალდებულმა პროცესის გაგრძელება ვეღარ შეძლო. პროტესტის ნიშნად მისმა უფლებადამცველმაც მალევე მცხეთის რაიონული სასამართლოს შენობა ბრალდებულის ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა. უფლებადამცველები კვლავ ბრალდებულების უფლებების დარღვევაზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ არც პროკურატურა და არც სასამართლო არასრულწლოვნების ინტერესებს არ ითვალისწინებენ.
საქმის პროკურორმა დღეს არასრულწლოვნის ავად გახდომა არ დაიჯერა. დავით ყაზაიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს დადგმული სცენა იყო. მიზეზი კი პროცეცის გაჭიანურებაა. სწორედ, ამის გამო არასრულწლოვან ზ.ხ-ს სასამართლომ და პროკურატურამ საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა. პროკურატურის ამ ბრალდებებს კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება დაცვის მხარე.
სასამართლო პროცესი გადადებამდე დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. ბრალდების მხარეს დღეს, 21 აგვისტოს 6 მოწმე უნდა დაეკითხა. მათგან ნაწილი ნაძალადევის რაიონიდან იყვნენ, რომელთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანი ნ.ხ- არის. მოწმის სტატუსით დაბარებული არასრულწლოვანი შაქარაშვილის საქმის პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა, რა დროსაც საბურთალოელები ნახალოვკელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ნ.ხ-მ და ვახტანგ ჩიქოვანმა სხეულზე დაზიანებები მიიღეს. პროკურორის თქმით, დაბარებულ მოწმეებს უნდა დაემტკიცებინათ მოტივი თუ რატომ ჩავიდნენ "მერსედესისა" და "ტოიოტა ქემრის" მარკის მანქანები მცხეთაში, რომელთა თავდასხმის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი მოკლული იპოვეს. თუმცა დღეს ნ.ხ პროცესის გადადების გამო სასამართლო პროცესზე ვერ გამოიკითხა. მან არც მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
უფლებადამცველებმა დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს ეზოში სპეციალური განცხადება გააკეთეს. სასამართლოს არ აქვს სკამები და ადვოკატებს მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა. ამიტომ, პრობლემების მოსაგვარებლად თეა წულუკიან მიმართეს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სულ 17 პირია, მათგან კი 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება. მათგან 2 არასრულწლოვანს კი ბრალდების მხარე დამატებით გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში სდებს ბრალს. შემდეგი სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 26 ივლის დღის 2 საათზე ჩაინიშნა, თუმცა უცნობია, ამჯერად ბრალდების მხარე რომელ მოწმეებს დაიბარებს სასამართლოში.