როგორ და რა გზებით გადმოჰქონდა კონტრაბანდული სიგარეტი ოკუპირებული ტერიტორიიდან აგარის პოლიციის ყოფილ უფროსს? სავარაუდოდ იოსებ გელაშვილი სამსახურებრივ მანქანას იყენებდა, რადგან საგუშაგოზე პოლიციის მანქანას დიდი ალბათობით არ შეამოწმებდნენ. კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობა, არ არის მისი ერთადერთი ბიზნესი. ყოფილი პოლიციელი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვითაც იყო დაკავებული. მისი სამუშაო ოთახის სეიფიდან დიდი ოდენობით დოლარებიც ამოიღეს, თუმცა გამოძიებას ჯერ არ უთქვამს, რა თანხაა ეს და რატომ ინახებოდა მის კაბინეტში. ამ საქმეში ბევრი კითხვაა. ვისთან ჰქონდა კავშირი ოკუპირებულ რეგიონში იოსებ გელაშვილს და ვინ აწვდიდა კონტრაბანდულ სიგარეტს, მარტო მოქმედებდა თუ ჰყავდა სამართალდამცველებს შორის თანამზრახველი. დაკავებული პოლიციელის ოჯახმა "მთავართან" დუმილი დაარღვია.