გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ მუქარის წერილი მიიღო. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ადასტურებენ.
ირკვევა, რომ 10 წლის გოგოს მუქარის შემცველი წერილი მერხთან დახვდა. წერილით ბავშვს დათქმულ დროში კონკრეტული თანხის მიტანას და მერხთან დატოვებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას მიმართა.
ჩვენი ინფორმაციით, მეხუთეკლასელი ბავშვი უკვე გამოკითხეს.
"წერილი დახვდა მეხუთეკლასელ ბავშვს მერხთან. წერილით სთხოვდნენ ფულს და წერილი შეიცავდა მუქარასაც. სკოლას ჰქონდა სათანადო რეაგირება, მიმართა პოლიციას და ამჯერად მიმდინარეობს გამოძიება. ხელნაწერი იყო, შესაბამისად, არ გაუჭირდება გამოძიებას დადგენა", - ამბობს რესურსცენტრის უფროსი, ნანა ტერმაკოზაშვილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.