საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 7-9 მარტის აქციების დაშლასა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მარტის აქციების დაშლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.
საიას თქმით, საგანგაშოა, რომ აქციის დაშლის, თუ ადმინისტრაციული დაკავებების დროს, აქციის მონაწილეების ნაწილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით, როგორც სიტყვიერ, ისე, ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემური იყო ერთჯერადი ხელბორკილის დადების პრაქტიკაც. ამასთან, ადგილი ჰქონდა, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებსაც.
"აქციის მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაერთგზის ჩარევის ლეგიტიმური მიზნის გარეშე და არაპროპორციულად განხორციელდა; რიგ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა, მათ შორის, არ გამოიყენა აქციის ორგანიზატორებთან ან მონაწილეებთან მოლაპარაკების რესურსი, რათა შეემცირებინა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა. აქციის მონაწილეების დიდი უმრავლესობა მშვიდობიანად სარგებლობდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ლოკალური ხასიათის სამართალდარღვევებზე რეაგირებას არსებითი გავლენა არ უნდა მოეხდინა მთლიანი აქციის მიმდინარეობაზე და კონკრეტული ინციდენტების აღმოფხვრა შესაძლებელი იყო ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებით.
ადგილი ჰქონდა, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვისპროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს. ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მომეტებულ შეზღუდვას, ასევე, ხელს უწყობდა ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა.
კერძოდ, 7-9 მარტის აქციების დაშლისას ისევ გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მის შესაბამისად წარმოებული დაკავებები / სასამართლო პრაქტიკა კვლავაც ინსტრუმენტია, რათა სამოქალაქო უფლებების განხორციელების სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდოს. კვლავ საგანგაშოა, რომ აქციის დაშლის, თუ ადმინისტრაციული დაკავებების დროს, აქციის მონაწილეების ნაწილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით, როგორც სიტყვიერ, ისე, ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, პრობლემური იყო ერთჯერადი ხელბორკილის დადების პრაქტიკაც", - წერს ორგანიზაცია.
ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.