იუსტიციის საბჭომ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეს საქმიანობა შეუწყვიტა | "სასამართლოს გუშაგი" ფაქტს დასჯად აფასებს

გამოქვეყნდა:

"სასამართლოს გუშაგის" ინფორმაციით, 1 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილებოდა მოსამართლე ნინო გიორგაძის უფლებამოსილების საკითხი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლე ნინო გიორგაძე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ არ დანიშნა.  

ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ვინაიდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, ყველა იმ მოსამართლეს, რომლებიც 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში იმყოფებიან და არ ჰქონიათ იქამდე მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება, თანამდებობაზე ნიშნავს უვადოდ. ნინო გიორგაძის შემთხვევაში საბჭომ სხვა გზა აირჩია.  

ორგანიზაციის ცნობით, ნინო გიორგაძე 2020 წლის დეკემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, საბჭოს წევრებმა შეაფასეს მისი საქმიანობა, მოპოვებულმა ქულათა ჯამმა ვერ მიაღწია ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს.

"შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის სამართლებრივი აქტით, მოსამართლე ნინო გიორგაძეს უარი ეთქვა თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკითხის განხილვაზე. ნინო გიორგაძემ აღნიშნული აქტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაასაჩივრა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  მისი მოთხოვნა 1-ლ ნოემბერს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო სხდომის მონაწილე საბჭოს ყველა (14-მა) წევრმა. აღსანიშნავია, რომ სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე.  ამგვარი “ერთსულოვნება” გვაფიქრებინებს, რომ ის არ მიიჩნიეს გავლენიანი ჯგუფის მიმართ ლოიალურ მოსამართლედ და მიგვაჩნია, რომ მისი არდანიშვნის რეალური საფუძველიც ამ ფაქტორს უკავშირდება", - წერია განცხადებაში.

"საქართველოს სასამართლოს გუშაგის" ინფორმაციით, ნინო გიორგაძეს 3 წლის განმავლობაში წარმოებაში ჰქონდა დაახლოებით 2 100 საქმე. საქმეთა ამ რაოდენობის დაძლევა ნებისმიერი მოსამართლისთვის დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით ისეთისთვის, რომელიც გამოსაცდელი ვადის ფარგლებში ახორციელებს უფლებამოსილებას.    

ორგანიზაციის შეფასებით, ნინო გიორგაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დასაჯა იმის გამო, რომ ის არ იქცა ე.წ. კლანთან აფილირებულ მოსამართლედ, არ დაემორჩილა არსებულ არაფორმალურ იერარქიულ წესრიგს, რაც მას 3 წლის თავზე სამოსამართლო საქმიანობის შეწყვეტის ფასად დაუჯდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი