იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან თბილისში არცერთი არ დაუკავებიათ.
როგორც ბრეგაძე ამბობს სამივე მათგანის დაკავება თბილისთან ახლოს მოხდა.
"სამივე პატიმარი არის უკვე განთავსებული შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და მათ, რა თქმა უნდა, როდესაც დასრულდება გამოძიება და სასამართლო პროცესი, დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი... ერთადერთი რაც შემიძლია ამ ფაქტზე გითხრათ, ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში, ისინი თბილისთან ძალიან ახლოს დავაკავეთ. ერთი ადამიანი ცოტათი ადრე, ორი ოდნავ მოგვიანებით", - ამბობს რატი ბრეგაძე.
მისივე თქმით, სამივე დაკავებული სრულწლოვანია.
როგორც იუსტიციის მინისტრი განმარტავს, ბრალის დამტკიცების შემდეგ, დაკავებულებს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ბრეგაძის განცხადებით, დაკავება ერთ რეგიონში მოხდა, პატიმრები ერთად იმყოფებოდნენ და სასჯელსაც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს.
მინისტრის ინფორმაციითვე, გამოძიება მუშაობს სხვადასხვა ვერსიებზე, მათ შორის, იყო თუ არა დაგეგმილი წინასწარ გაქცევა, თუ ეს იყო სპონტანური ქმედება. ბრეგაძე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
ბრეგაძე ამბობს, რომ პატიმრები "ავერსის" კლინიკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიქცნენ. მინისტრი დამატებით დეტალებზე არ საუბრობს და განმარტავს, რომ ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.