29 წლის ლასო აბუთიძე საკუთარ სახლში ექსპერტიზის ბიუროდან საღამოს მიასვენეს. ახალგაზრდა საკუთარ სახლთან ახლოს მოკლული დღეს გამთენიისას იპოვეს. კაცი, რომელსაც მცირე საოჯახო ბიზნესი ჰქონდა და ტურისტებზე კოტეჯებს აქირავებდა, რამდენიმე ადამიანმა სცემა და გაგუდა. ოჯახი კომენტარს არ აკეთებს თუმცა მეზობლების ინფორმაციით, გამთენიისას, დაახლოებით, 4 საათზე მისი კოტეჯის სტუმრებს, მეზობელი სოფლიდან ჩამოსული მუშები მიადგნენ და 2 ახალგაზრდა ქალთან შეჭრას ცდილობდნენ, რა დროსაც მდგმურებმა მეპატრონეს, ლასო აბუთიძეს დაურეკეს.
ახალგაზრდა კაცი საკუთარი მდგმურების დასახმარებლად მალევე მივიდა, თავიდან კონფლიქტის განეიტრალებას ცდილობდა, შემდეგ კი აბუთიძეს მთვრალი ახალგაზრდები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რა მოხდა ამის შემდეგ უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ დილით გამთენიისას ახალგაზრდა ბიჭი დაპირისპირების დროს მიღებული სასიკვდილო დაზიანებებით ეზოსთან იპოვეს.
ამბროლაურის პოლიციაში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფთან კომენტარის გაკეთება არავინ ისურვა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავა 19 წლის 2 პირი. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.