ის ტელეფონზე საუბრობდა არა პირადი მიზნებისთვის, არამედ, საბადრაგო სამსახურის სხვა თანამშრომლებს ესაუბრებოდა სხვა პატიმრების ჩამოყვანასთან დაკავშირებით, რომელიც მათ მიერვე იყვნენ შემოყვანილი - აცხადებს ავერსის კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებული ბადრაგის ადვოკატი.
ივერი ნატრიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მისი 5 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორი კი აცხადებს, რომ ნატრიაშვილმა სათანადოდ არ შეასრულა საკუთარი მოვალეობა:
ბრალდებულმა განახორციელა დევნა, თუმცა განახორციელა ძალიან მცირე მანძილზე - ამბობს პროკურორი ლაშა ამირანაშვილი. მისი თქმით, პატიმრობის მოთხოვნის საფუძველი იყო როგორც მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
პროკურორის ინფორმაციითვე, მსჯავრდებულთა გადაყვანისთვის განკუთვნილ სპეციალურ ტრანსპორტში, კიდევ ერთი, მეოთხე მსჯავრდებული იმყოფებოდა, რომელსაც გაქცევა არ უცდია:
"სპეციალურ ავტომანქანაში არის პატიმრების მოთავსების ორი საკანი, მოცემულ შემთხვევაში ორივე საკნის წინ არის ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ბადრაგის თანამშრომლები და ორივე საკანი იკეტება ცალ-ცალკე. ეს გაქცეული მსჯავრდებულები იყვნენ ერთ-ერთ საკანში, ამ სივრცეში ასევე იყო მეორე საკანი, სადაც დარჩა ერთი მსჯავრდებული, რომელიც არ და ვერ გაიქცა. მისი კარის ურდული გადაკეტილი იყო და მას არც უცდია გაქცევა“,- თქვა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. სამივე მათგანი დაკავებულია.
საბადრაგო ჯგუფის უფროსი კი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.
[ფოტო: ინტერპრესნიუსი]