მცხეთის რაიონული სასამართლო უპრეცედენტო დანაშაულს განიხილავს. საბრალდებო სკამზე სამი ძმა - ლუკა, ნუგზარ და მალხაზ ტიელიძეები სხედან. გამოძიება მათ პოლიციის მაღალჩინოსნის ცემაში ადანაშაულებს. ძმები კი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას ოთხი თვეა უშედეგოდ ცდილობენ.
ყველაფერი 2023 წლის 8 ივლისს, საღამოს 8 საათზე დაიწყო. საგურამოს ცენტრში, მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ისიც მას შემდეგ, რაც გამოძახებაზე მისულმა საგურამოს პოლიციის უფროსის მოადგილე რატი კაპანაძემ ძმებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციის მაღალჩინოსანი ადგილზე ტიელიძეების ოჯახთან დაპირისპირებულმა მეზობელმა დაიბარა. ცირა მამარდაშვილმა რატი კაპანაძეს შემთხვევის ადგილზე მისვლა ნაცნობობით სთხოვა. ის საგურამოს პოლიციის დიასახლისია და კაპანაძესთან წლებია ახლო ურთიერთობა აქვს.
პირადი კავშირების საფუძველზე განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ, საგურამოს პოლიციის მაღალჩინოსანი ადგილზე მალევე მივიდა და მანქანიდან გადმოსვლისთანავე მამარდაშვილის მეზობლების სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყო. ამის შემდეგ ვითარება უკონტროლო გახდა.
დაცვის მთავარი მოწმე ნელი მოძღვრიშვილია. მან საგურამოს პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან ძალის გადამეტებისა და ძმები ტიელიძეების მისამართით განხორციელებულ ძალადობას საკუთარი თვალით უყურა. იქამდე, ვიდრე, ოქროს მოწმეს სასამართლოზე გამოკითხავენ, მომხდარის ყველა დეტალი "მთავარ არხთან" გაიხსენა.
ადგილობრივების მონათხრობით ნუგზარ ტიელიძე ძალადობის მსხვერპლი სხვა პოლიციელების მხრიდანაც გახდა. კაპანაძის მიერ, სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა მაღალჩინოსნის დასახმარებლად მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩატენეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. ტიელიძეები ამბობენ, რომ სამართალდამცველების სამიზნე გახდა ნოდარის უმცროსი ძმა მალხაზიც, რომელიც პოლიციელის ძალადობისგან დედმამიშვილის დაცვას ცდილობდა.
კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია დაკავებული მალხაზ და ნუგზარ ტიელიძეების მესამე ძმას, თუმცა მოგვიანებით პოლიციელებმა ლუკა ტიელიძეც დააკავეს. მიზეზი ოჯახისთვის მომხდარიდან ოთხი თვის შემდეგაც გაუგებარია.
რატი კაპანაძის სასტიკი მოპყრობის შესახებ საგურამოში ყველამ იცის. მოსახლეობა გვიყვება, რომ პოლიციის უფროსის მოადგილის სახელი და გვარი არაერთი ახალგაზრდის ცემისა და ზეწოლის საქმეში ფიგურირებს. ყველა შემთხვევაში კაპანაძე გაამართლეს. მოსახლეობა ეჭვობს რომ მას გავლენიანი მფარველები ჰყავს.
ცირა მამარდაშვილი "მთავარი არხის" გამოჩენას აგრესიით შეხვდა. ის ვერ ამბობს, თუ კონფლიქტის განმუხტვა სურდა, რატომ არ დარეკა 112-ში და რატომ დაურეკა პოლიციის მაღალჩინოსანს პირად ნომერზე. მამარდაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებმა სამეზობლოში ახალი კონფლიქტი გამოიწვია.
სამეზობლო დავით დაწყებული სამართლებრივი დევნა ახლა სასამართლოში ირჩევა. ძმები ტიელიძეების საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ წლის ბოლომდე დადგება, მანამდე მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი ბრალდებისა და დაცვის მხარეების მოწმეებს მოუსმენს. ბრალდებული ძმების ოჯახი უკან დახევას არ აპირებს.