რუსების შურისძიება - ეს არის მთავარი ვერსია, რომელზეც თამაზ გინტურის ოჯახში საუბრობენ. სასტიკად მოკლული მამაკაცის ნათესავები დარწმუნებული არიან, რომ ოკუპანტები დიდი ხანია ნადირობდნენ 2008 წლის ომის ქართველ ვეტერანზე და გუშინ მას ჩასაფრება მოუწყეს. ერთადერთი, ვისაც ზუსტად შეუძლია მოყვეს ლომისას ტაძართან მომხდარი თავდასხმის დეტალები, ლევან დოთიაშვილია - რომელიც ოკუპანტებს ცხინვალში ჰყავთ გატაცებული.
თავდასხმისა და სროლოს მომენტში საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფელში პოლიცია არ იყო. ახლა კი კირბალი სავსეა სამართალდამცველებით. დაწყებულია გამოძიებაც. პრეზიდენტიც დაღუპულის ოჯახში სამძიმარზე ჩავიდა. სოფელში ალბათ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ჩავლენ, მაგრამ ადგილობრივებს არავის იმედი არ აქვთ. კირბალში ხალხი შეშინებული და გაბრაზებულია.