ახალციხეში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 4 ადამიანი დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, ერთ მათგანს იარაღი ჩაუდეს.
ახალციხეში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული, ალბერტ გრიგორიანი სამართალდამცველებს იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს.
39 წლის ბრალდებული პოლიციამ კოსტავას ქუჩაზე აიყვანა. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და შესაძლოა მომხდარის უკან ბიზნეს ინტერესები იკვეთებოდეს და დაკავება "ოცნების" მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის გავლენებს უკავშირდებოდეს. მომხდარზე საუბარი არ სურს დაკავებულის ოჯახსაც.
სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში გრიგორიანის გათავისუფლების მოთხოვნით ახალციხის პოლიციის განყოფილებასთან დაკავებულის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. უფლებადამცველი და ოჯახი ამტკიცებს, რომ დაკავებისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასაც. სპეცოპერაციის შესახებ დეტალების გადამოწმება "მთავარმა არხმა" დღეს ახალციხის რაიონულ სამმართველოში სცადა, თუმცა "მთავარის" გამოჩენამ სამართალდამცველების გაღიზიანება გამოიწვია.
სპეცოპერაციის დროს ამოღებულ იარაღს ექსპერტიზა უტარდება. ბრალდებულის ახლობლები ყვებიან, რომ დაკავებული საქართველოში რამდენიმე კვირის წინ შემოვიდა, სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ კი მას სამართალდამცველები უთვალთვალებდნენ. ახალციხეში დაკავებული გრიგორიანის ახლობლები დღეს დუმილს ამჯობინებენ. უფლებადამცველი ფიქრობს, რომ მათ პოლიცია აშინებს. მომხდარის შესახებ არ საუბრობენ, სპეცოპერაციის თვითმხილველებიც.
საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლის დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
დაკავებულს ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ერთი პირის, ალბერტ გრიგორიანის დაკავების ფაქტს ადასტურებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 22 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციამ გრიგორიანის კიდევ სამი მეგობარი დააკავა.