თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ყველა მოწმის ხელახლა გამოკითხვას მოითხოვს. ოჯახი ამტკიცებს რომ ჩვენებები რომლებიც მწყემსმა და სხვა მოწმეებმა გამოძიებას მიაწოდეს ბუნდოვანია და კითხვის ნიშნებს ტოვებს.
გარდაცვლილი პროგრამისტის დედამ მოთხოვნა მოწმეების მეორედ გამოკითხვის შესახებ, დღეს თბილისის პროკურატურაში გამომძიებლებს წაუყენა. ოჯახმა საგამოძიებო უწყებისგან თანხმობა მიიღო რომ გარკვეული პირები ხელახლა გამოიკითხებიან.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ყოველდღე ახალი გარემოებები ჩნდება. ოჯახის ადვოკატი ერთერთ მთავარ საეჭვო გარემოებაზე საუბრობს.
მიხეილ რამიშვილი გვიყვება რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნია ბოთლი, სადაც გარკვეული პრეპარატები იყო გახსნილი. ქიმიურმა ექსპერიტიზამ დაადგინა რომ მედიკამენტები გულის მუშაობას ანელებს და ორგანიზმის მოდუნებას იწვევს. არავინ იცი საიდან მოხვდა საეჭვო მედიკამენტები თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში. ადვოკატი ეჭვობს რომ წყალში გახსნილი მედიკამენტები გოგონას სხვა პირმა მიაწოდა.
შეეძლო თუ არა კლოფელინსა და თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილ სხვა მედიკამენტებს სიკვდილის გამოწვევა, ეს კითხვა ტოქსიკოლოგ სოსო კუტუბიძეს დავუსვით. კუტუბიძის თქმით, მას შემდეგ რაც ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა დასრულდება და ცნობილი გახდება მედიკამენტების რა დოზაზეა საუბარი, კითხვას პასუხი მაშინ გაეცემა.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალ ვერსიაზე საუბრობს Presa.ge-ს რედაქტორი. გიორგი კაპანაძე ყვება რომ თამარ ბაჩალიაშვილს გარდაცვალებამდე უთვალთვალებდნენ, რაც მისი თქმით, პროკურატურის მიერ ამოღებულ კადრებშიც ჩანს.
ქიმიური ექსპერტიზის საბოლოო შედეგები ცნობილია. გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს საიდან მოხვდა მედიკამენტები თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში. საბოლოო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაირკვევა დაიწყება თუ არა გამოძიება მკვლელობის მუხლით.