"რატომ აქამდე არ იდგნენ [პოლიციელები], ეს ამბავი არ მოხდებოდა" | კირბალში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

გამოქვეყნდა:

ვინ მოკლა თამაზ გინტური და როგორ გრძელდება ცხოვრება კირბალში მისი მკვლელობის შემდეგ - ადგილობრივები მკვლელების იდენტიფიცირებასა და დასჯას ითხოვენ, თუმცა, ამის იმედი ნაკლებად აქვთ. სოფელში მცხოვრებლებს მაგალითად ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეები მოჰყავთ. 

ხელისუფლებას არ უთქვამს რა ეტაპზეა გამოძიება და არიან თუ არა იდენტიფიცირებული მკვლელები. პოლიციას ჯერჯერობით არ გამოუკითხავს თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური, რომელმაც შემთხვევიდან რამდენიმე დღეში სავარაუდო მკვლელების სახელები და გვარები დაასახელა. 

კირბალში კი ბოლო ერთი კვირაა უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. პოლიცია ოკუპანტების მიერ ორად გაყოფილ სოფელს თითქმის ყველა მხრიდან აკონტროლებს - ისინი დგანან როგორც სოფლის შესასვლელში, ასევე გასასვლელში და უშუალოდ საოკუპაციო ხაზთან, რათა ოკუპანტებს არ მიეცეთ საქართველოს კონტროლირებად მხარეს გადმოსვლის საშუალება. 

"რატომ აქამდე არ იდგნენ [პოლიციელები], ეგენი რომ მდგარიყვნენ ეს ამბავი არ მოხდებოდა. აი, რაშია საქმე. ეხლა დგანან...რა ინტერესია და ჩვენა უნდა ვიყოთ ჩვენთვინა, არავინ ხელი არ უნდა შეგვიშალოს და, აბა, რა ვქნათ, ასე გვჩაგრავენ. რუსებს რა უნდათ ჩვენთან? ეს არის საქართველო...დანაშაული ჩაიდინეს... ახალგაზრდა ბიჭი, ალალ-მართალი მოკლეს," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი "მთავარ არხთან."

ადგილზე ზომები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც თამაზ გინტური მოკლეს.

"ეს სალოცავი [ლომისის ეკლესია] რომ ამ სოფლისაა და ხალხისაა, ეგ ხომ ყველამ იცის? ეგა, მარტო ჩვენი კი არა, თქვენიც არის. რა ქნას ამ კაცმა, გავიდა, გარისკა და ავიდა, ცუდი რა გააკეთა? ან რად უნდა აჭედო, ან რად უნდა დაკეტო. სალოცავია," - აღნიშნავს კირბალის კიდევ ერთი მცხოვრები.
 

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.  დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი