პანკისის ხეობაში, 2019 წელს, ვისო მუთოშვილის მკვლელობის ფაქტზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. მკვლელობაში ბრალდებულ არბი ქავთარაშვილს, რომელიც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დამნაშავედ სცნო, 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ რამაზ ხანგოშვილს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მანამდე დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის დღეს, არბი ქავთარაშვილმა, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებიან, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ერთ- ერთი პირის ცეცხლსასროლ იარაღს და ორი გასროლით ადგილზე მოკლა 37 წლის ვისო მუთოშვილი. მეორე ბრალდებულმა კი სახის არეში დაზიანებები მიაყენა ინციდენტში მონაწილე პირს. ბრალდების მხარის მტკიცებით, მხარეებს შორის დაპირისპირება, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო.
უხარისხო და არასრულყოფილ გამოძიებაზე ისაუბრა დაცვის მხარემ. მან დასკვნით სიტყვაში, მოწმედ დასახელებული პოლიციელების მხრიდან მიცემულ ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, მტკიცებულებების გამოკვლევით დადგინდა, რომ დაჭრილი პირის მიმართ ხანგოშვილს არ გაუსვრია. ხოლო ქავთარაშვილს განზრახ მკვლელობის მიზანი არ ჰქონია.
უფლებადამცველი მიღებული განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ საკობიანოსთან, ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების გვარებს შორის დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თვალწინ, სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ვისო მუთოშვილი მოკლეს.
ავტორი: ია გულიაშვილი