სუიციდი თერჯოლაში - მამა, რომელმაც 11 წლის შვილი სუიციდამდე მიიყვანა, ბრალის წადგენის მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

11 წლის ბავშვი, რომელიც მამამ, გულგრილმა სისტემამ და საზოგადოებამ იმსხვერპლა. თერჯოლაში მოზარდმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. მეზობლები ალკოჰოლისკენ მიდრეკილ მამაზე საუბრობენ, რომელიც ბავშვს ფიზიკურად ხშირად უსწორდებოდა. პოლიციამ, რამდენიმე შეტყობინების მიუხედავად, მოძალადე მშობელს მხოლოდ ხელწერილი დააწერინა. სოციალურ სააგენტოში კი ამბობენ, რომ ოჯახზე საერთოდ არაფერი იცოდნენ. ბოლო ჩხუბის, ხმაურისა და ბავშვის ტირილის ხმაზე მეზობლებმა ისევ პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

იმერეთში დატრიალებულ ტრაგედიას მოზარდის ახლობლები იხსენებენ. ამბობენ, რომ ბავშვის ტირილის ხმა დილით გაიგეს, რის შემდეგაც 112-ში დარეკეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ბავშვის ნათესავები ამბობენ, რომ ის თვითმკვლელობამდე მამამ მიიყვანა. მოზარდმა თვითმკვლელობამდე დახმარება ახლობლებს სთხოვა, თუმცა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 49 წლის მამაკაცი მოზარდზე სისტემატურად ძალადობდა. მათივე თქმით, პოლიციაც არაერთხელ იყო მისული, ხელწერილიც დააწერინეს, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია. საქმეში არ ჩართულან სოციალური მუშაკები, რომლებიც ბავშვის მდგომარეობით დაინტერესდებოდნენ.

ახლობლების თქმით, მამაკაცი ოჯახის წევრებზე ხშირად ძალადობდა. ნათესავებისგან განსხვავებით, ოჯახში არსებულ კონფლიქტზე საუბარს თავს არიდებენ გარდაცვლილი მოზარდის მეზობლები.

11 წლის მოზარდი რომ საკუთარ პრობლემებზე ღიად არ ლაპარაკობდა, ამაზე იმ სკოლის დირექტორი საუბრობს, სადაც გარდაცვლილი სწავლობდა. დირექტორის თქმით, მოზარდისთვის არ შეუმჩნევიათ, რომ პრობლემები ჰქონდა და არც დეპრესიული ყოფილა.

რატომ ვერ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრაგიკულ შემთხვევამდე რეაგირება და რატომ არ დაინტერესდა სოციალური სააგენტო მოზარდის მდგომარეობით, უცნობია. პოლიციამ ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 49 წლის მამაკაცი დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თუმცა, არ არის გამორიცხული  ბრალი გადაკვალიფიცირდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი