რატომ აღმოჩნდა 11 წლის მოზარდი მოძალადე მამის პირისპირ მარტო და სამართლდამცველების დროული რეაგირების შემთხვევაში, იყო თუ არა შესაძლებელი მისი გადარჩენა - არასამთავრობო სექტორი პოლიციის დაგვიანებულ რეაქციასა და სისტემის შეცდომებზე საუბრობს.
ამბობენ, რომ ოჯახური ძალადობის შესახებ, პოლიციაში შეტყობინება ტრაგედიამდე რამდენჯერმე შევიდა, თუმცა სამართალდამცველებმა მოძალადე მამას მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და დანაშაულის განმეორების შემდეგაც არ დაუკავებიათ.
მომხდარის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც.
თუკი ძალადობის თაობაზე პოლიციას ჰქონდა შეტყობინებები, რატომ არ იყო შესაბამისი ორგანოების მხრიდან ეფექტური და დროული გამოძიება. რატომ ვერ მოახდინა პოლიციამ ძალადობის პრევენცია ბავშვის მიმართ. მითუმეტეს, თუ წლების განმავლობაში იყო სისტემატური ძალადობა. ასევე რატომ არ იყო ინფორმირებული სოციალური სამსახური და რატომ არ იყო ჩართული ბავშვის მდგომარეობის შესწავლის პროცესში შესაბამისი სოციალური მუშაკი. ვფიქრობ, რომ ეს საქმე ცხადყოფს იმ სისტემურ პრობლემებს რაც არსებობს ბავშვის ძალადობისგან დაცვის მიმართულებით ქვეყანაში, - ამბობს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.