"მთავარს" წყარო ექსკლუზიურად უყვება რომ, რაჭაში მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი ფიგურანტი ძალოვანი უწყების თანამშრომელია. პროკურორი მედეა ცირამუა ერთ-ერთი ის დამსვენებელია, რომელიც რაჭაში ლასო აბუთიძის კოტეჯში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ის და მისი მეგობარი გოგო მეზობელი სახლის მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა შეაწუხეს, პროკურორმა ცირამუამ არა პოლიციას, არამედ კოტეჯის მეპატრონეს დაურეკა. რატომ არ მიმართა სამართალდამცველებს პროკურორმა და მიანიშნებს თუ არა ეს ფაქტი უწყების მიმართ უნდობლობაზე, ამ კითხვებზე პასუხების მიღება თავად მედეა ცირამუასგან ვცადეთ, თუმცა პროკურორი ჩვენს არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობს.
იყო თუ არა სწორედ მედეა ცირამუასთან დაპირისპირება კონფლიქტის დაწყების მიზეზი, ამაზე არ საუბრობენ დაკავებულები, რომელთა ჩვენებებიც "მთავარმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. დაკავებული იური ქურციკიძე ყვება, რომ მასსა და ლასო აბუთიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება სიტყვიერი შეურაცხოფის შემდეგ დაიწყო. რის შედეგაც ის აბუთიძის დახრჩობას შეეცადა:
მე ერთ-ერთ თბილისელ გოგონას, რომელიც მომეწონა, ვთხოვე კოტეჯთან გამოსულიყო და ცალკე გვესაუბრა. გოგონა, რომლის სახელიც ახლა არ მახსოვს, გამომყვა და დავიწყეთ საუბარი, გამოვიდა ვლასი აბუთიძე და მოვიდა ჩემთან და იმ გოგონასთან, რომელთანაც ვსაუბრობდი და მითხრა, შენ რა ტვინი გაბურღეო და სამჯერ შემაგინა დედის მისამართით. თავიდან მოვითმინე, ვკითხე, რატომ მაგინებთქო, მან მკერდში მუშტი ჩამარტყა და თან ისევ შემაგინა. მე ვლასი აბუთიძეს შევაგინე ასევე დედის მისამართით და ორივე ხელით ყელში ვწვდი და ხელები მოუჭირე. ვლასი აბუთიძე შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა ხელები ყელზე ვერ გამაშვებინა, - ნათქვამია ქურციკიძის ჩვენებაში.
დანაშაულს არ აღიარებს მეორე ბრალდებნული ვლადიმერ სამხარაძე. ჩვენებაში ყვება, რომ მხოლოდ გაშველებას ცდილობდა.
მათი გაშველება დავიწყე, გოგონებიც ჩაერთნენ გაშველებაში, რა დროსაც ჭიშკარს მივაწექით, რომელიც ხის იყო, შეინგრა და ინერციით წავიქეცით მიწაზე. როდესც წამოვდექი, დავინახე იური ქურციკიძე, რომელიც ზურგით იწვა მიწაზე, გულმკერდზე ზურგით ჰყავდა მიბჯენილი ლასიკო აბუთიძე, ხელები მკლავებით შემოხვეული ჰქონდა ლასიკო აბუთიძის კისერზე და ახრჩობდა, - ამბობს ჩვენებაში სამხარაძე.
29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალდებას არ ეთანხმება ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობა არ ჩაუდენია.
დაკავებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. რაც შეეხება ლასო აბუთიძის ოჯახს, ისინი მედიასთან ამ დრომდე არ ჩნდებიან.