ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს მესტიიდან კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი დაემატა. პაციენტებიდან ერთი ბავშვია. ინფიცირებულები კლინიკაში გვიან ღამით შეიყვანეს. პაციენტებს ამ ეტაპზე შესაბამისი კომპიუტერული კვლევები უტარდებათ.
საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, ახალი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში უკვე მყოფი პაციენტების ოჯახის წევრებს წარმოადგენენ.
კლინიკის სტაციონარში სულ 21 ინფიცირებული პაციენტია. აქედან 8 ბავშვია. 6-ს პნევმონია აღენიშნება, თუმცა მათი მდგომარეობა მძიმედ არ ფასდება, - ამბობს თემურ ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, საქართველოში სულ დაფიქსირებულია კოვიდ-19-ის 1 436 შემთხვევა.