რამდენჯერმე ჩამოართვეს კარავი, საფუძველი არ განუმარტავთ | HRC ბექა გრიგორიადისის პროტესტზე

გამოქვეყნდა:

"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" (HRC) შეკრების თავისუფლებით სარგებლობის მიზნით საჯარო სივრცეში კარვის განთავსების ხელშეშლის პრაქტიკასთან დაკავშირებით, მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. 

HRC შეფასებით, ბექა გრიგორიადისის მიერ კარვის გაშლის ხელშეშლის პროცესში არაერთი დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის, პროცედურული და გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში უკანონო, უხეში ჩარევა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გრიგორიადისის საპროტესტო აქციას 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელიდან 20 მეტრის მოშორებით, ოლივერ და მარჯორი უორდროპების სკვერში აკვირდებოდა.

გრიგორიადისი გამოხატავდა პროტესტს შვილის, წინასწარ პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით და ამავდროულად, ცდილობდა სკვერში კარვის გაშლას. ორგანიზაცია წერს, რომ პირველი დღეების განმავლობაში, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მას კარვის გაშლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, მეტიც - პოლიციელებმა ბექა გრიგორიადისს კარავი რამდენჯერმე ჩამოართვეს და არც კი განუმარტეს ქონების ჩამორთმევის და მისი უკან დაბრუნების ანდა კონფისკაციის პროცედურა, შესაბამისი ოქმის შედგენით.

ამასთან, HRC-ის დაკვირვებით, ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მობილიზებული იყო პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობა.

"კარვის გაშლამდე და მის ჩამორთმევამდე, პოლიციის თანამშრომლებს აქციის ორგანიზატორისთვის არ მოუწოდებიათ მოთხოვნის დამორჩილებისკენ. ამასთან, მისთვის არ განუმარტავთ კარვის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი. კარვის გამართვის ხელშეშლა განხორციელდა ძალადობრივი მეთოდებით. ასევე, პოლიციელებს არ შეუდგენიათ შესაბამისი დოკუმენტაცია და არ განუმარტავთ კარვის ჩამორთმევის და შემდეგში უკან დაბრუნების პროცედურა...

ვითარება განსაკუთრებით 1 ივნისს დაიძაბა, როდესაც ბექა გრიგორიადისს კარვის გაშლის საშუალება კვლავ არ მისცეს. მან პოლიციელებს განუმარტა, რომ კარვის გაშლა მისი აზრის გამოხატვას ემსახურებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, გრიგორიადისის ქმედებები და განცხადებები არ სცდებოდა მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციური უფლებით დაცული სფეროს ფარგლებს. ამის გათვალისწინებით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კარვის გაშლის ხელშეშლით ბექა გრიგორიადისს არაპროპორციულად და კანონიერი საფუძვლის გარეშე შეეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

1 ივნისს ბექა გრიგორიადისის აქციას კიდევ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი შეუერთდა. დაახლოებით 22:00 საათზე გრიგორიადისმა გამოაცხადა, რომ კვლავ აპირებდა კარვის გაშლას, რასაც ისევ მოჰყვა პოლიციის მორიგი ძალადობრივი ჩარევა - გრიგორიადისი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დააკავეს, ვიდრე იგი კარვის გაშლას დაიწყებდა...

2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისი 2000 ლარით დააჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ბექა გრიგორიადისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას შსს-მ პირველად სასამართლოში გააჟღერა არგუმენტი, რომ კარვის დადგმა „ქალაქის იერსახის დამახინჯებას“ იწვევს. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების დაკვირვებით, კარავი, გაშლის შემთხვევაში, არ დაბლოკავდა არც ერთი შენობის შესასვლელს და არ შეაფერხებდა მოძრაობას. შესაბამისად არ არსებობდა კარვის დადგმის აკრძალვის საფუძველი. ამასთან, საინტერესოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბექა გრიგორიადისმა 3 ივლისს ოლივერ და მარჯორი უორდროპების სკვერში კარავი ისე გაშალა, რომ მისთვის პოლიციას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ბექა გრიგორიადისი კარვის მეშვეობით დღემდე აგრძელებს პროტესტს იგივე მოთხოვნებით", - ნათქვამია ანგარიშში.

მასში ყურადღება გამახვილებულია 5 ოქტომბერს პარლამენტის მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებებზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. HRC-ის შეფასებით, ცვლილების უპირველესი მიზანია შეკრებებისა და დემონსტრაციების დროს დროებითი ნაგებობების, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის მიზნით კარვების გამოყენების აკრძალვა.

HRC რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს:

  • კანონშემოქმედებით პროცესში თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლებაზე შეზღუდვების დაწესებისგან;
  • შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღების, ანდა ასეთ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისას გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და საერთაშორისო სტანდარტები.

HRC რეკომენდაციით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მისცეს აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად განათავსონ და გამოიყენონ კარავი პროტესტის გამოსახატად.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი