მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გადაიდო.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები უნდა დაეკითხათ, თუმცა ვინაიდან ბრალდებულ ზ.ხ.-ს ადვოკატი შეეცვალა, მოსამართლემ სხდომა გადადო.
ლ.შ.-ს ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის თქმით, საქმის განხილვის პროცესში დადასტურდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია.
გ.მ.-ს ადვოკატი როსტომ კერესელიძე კი საქმეში არსებულ ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე საუბრობს.
ეს იყო, ალბათ, პოლიციელების მხრიდან მითითებები, რომ გამყარებულიყო მათი პოზიცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისა და ლ.შ.-ს მიმართ, - განმარტავს იგი.
არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა 31 აგვისტოს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.