ასპინძის მუნიციპალიტეტში თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და იძულების ფაქტზე ორი პირს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
2020 წლის 22 აგვისტოს, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში, კ.პ.-მ და ი.გ.-მ იმ მოტივით, რომ მ.მ-ს ეღიარებინა კ.პ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ფულადი თანხის ქურდობის ფაქტი, მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ამის შემდგომ, ბრალდებულებმა მ.მ. მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს კ.პ.-ს ავტომობილში, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, კვლავ ცემით და მოკვლის მუქარით მ.მ.-ს მისივე დამარხვის მიზნით მიწის ამოთხრა აიძულეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები კ.პ. და ი.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 25 აგვისტოს დააკავეს, - წერია პროკურატურის განცხადებაში
დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება ჯგუფურად) წარედგინათ, რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
უწყების ინცორმაციით, პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ანგარიშსწორების მიზნით, 39 წლის კაცი თანასოფლელებმა გვიან ღამით სახლიდან მიტოვებულ სასაფლაოზე წაიყვანეს და საფლავი საკუთარი ხელით გაათხრევინეს. გამტაცებლები მას ქურდობაში ადანაშაულებდნენ და 590 ლარის დაბრუნებას სთოხვდნენ, წინააღმდეგ შემთხევაში კი ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ.