გასულ ღამეს ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე ათობით საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟის მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სამართალდამცველების ერთ ნაწილსა და არასრულწლოვნებს შორის ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციელები მოზარდებს სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ და მათი დაკავება ამ ფორმით სურდათ. მოზარდების დედა ამბობს, რომ მისი ორივე შვილი სასტიკადაა ნაცემი და პოლიციამ მათ თავში იარაღი ურტყა.
ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნების მხრიდან სამართალდამცველების სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. ადგილზე მალევე არასრულწლოვნების მშობლები მივიდნენ, რის შემდეგაც ოჯახის სამი წევრი დააკავეს. ორი მოზარდი და მათი მამა.
"ჩემი შვილები აფორთხიალეს მიწაზე, ფეხებით შედგნენ, ჩალურჯებულია, ხუთი კოპი აქვს. ბავშვმაც თქვა საპატრულო პოლიციასთან, რომ ერთ ერთმა თანამშრომელმა იარაღის ტარი 5-ჯერ ჩაარტყა... " ამბობს მოზარდების დედა
ამ დროისათვის არასრულწლოვნები გათავისუფლებული არიან, მათი მამა კი დროებითი მოთავსების იზოლატორშია, თუმცა რას ედავებიან მას, ჯერჯერობით უცნობია. ოჯახი პოლიციელების სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. შსს-ის პრესსამსახური ქუთაისში მომხდარზე ჯერჯერობით დუმს.