თურქი ბიზნესმენი საკონსტიტუციოს მიმართავს | ადვოკატის თქმით, ინვესტორის თანხა ხელისუფლებამ უკანონოდ გაყინა

გამოქვეყნდა:

უცხოელი ინვესტორი ხელისუფლებას ადანაშაულებს და საკონსტიტუციოს მიმართავს - საუბარია თურქ ბიზნესმენ ბარიშ ინანზე. მას ბიზნესი როგორც თურქეთში, ასევე დიდ ბრიტანეთში აქვს. მისი ადვოკატები ყვებიან, რომ ის საქართველოში აპირებდა ფულის ინვესტირებას, ქართულ საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა 7 მილიონ ლარზე მეტი თანხა, რაც ხელისუფლებამ მას დაუსაბუთებელ ქონებად ჩაუთვალა, მასალები პროკურატურას გადასცა და უცხოელი ინვესტორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. 

მას ფულის გათეთრებას ედავებიან, საქმე საქალაქო სასამართლოშია, ბიზნესმენი კი ინტერპოლით იძებნება. ის პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის და ადამიანის უფლებების დარღვევას ედავება. ადვოკატები განმარტავენ, რომ წესი, რომლითაც ქონების მფლობელმა ამ ქონების წარმომავლობა უნდა დაადასტუროს, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, სადაც წერია, რომ ბრალდებული არაა ვალდებული ამტკიცოს მისი უდანაშაულობა. 

კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ბიზნესმენის დავა და რომ მსგავსი სამართლებრივი დავები სახელმწიფოსა და ბიზნესმენებს შორის აზიანებს საინვესტიციო გარემოს, უკარგავს მას სანდოობას. 

"ამ საქმეში იმ საკონსტიტუციო სარჩელით რაც ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ ვამბობთ რომ სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით დამტკიცებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას. 
ადამიანის უფლების კონვენციის თანახმად, ნებიესმიწრი პირი ითვლება უდანაშაულოდ, სანამ არ დამტკიცდება მისი დანაშაულებრივი საქმიანობა. და სწორედ ამას ეწინააღმდეგება ეს ნორმა. 
ეს არის ფუნდამენტური უფლება. არავინ არის ვალდებული, რომ საკუთარი უდანაშაულობა ამტკიცოს. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები იმის დასადასტურებლად, რომ ბარიშ ინანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არის პირდაპირ წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებათა კონვენციის მეექვსე მუხლთან, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პრინციპს გულისხმობს", - ამბობს ადვოკატი, მაიკლ ფოლაქი. 

ამ საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი იყო ჩანიშნული, თუმცა ის გადაიდო. მიზეზად მოსამართლის, ლაშა კლდიაშვილის ავადმყოფოდა დასახელდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი