საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია პროკურატურას მიმართავს. ასოციაცია ორგანიზაცია "გერას" წარმომადგენლებს სიცრუესა და დოკუმენტების გაყალბებაში სდებს ბრალს. ასოციაციის ხელმძღვანელი, გიგა კობალაძე ამბობს, რომ რუს ავტორთა საზოგადოება "რაოს" შვილობილი კომპანიის წევრები მიზანმიმართულად ცდილობენ ხელი შეუშალონ საავტორო უფლებათა ასოციაციას აკრედიტაციის მიღებაში.
კობალაძე ამბობს, რომ "გერამ" არაერთხელ მიმართა საჯარო რეესტრს არ დაარეგისტრირონ ასოციაციის წესდება, მიზანი, კი მისი თქმით, ისაა, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციას შესაძლებლობა არ მიეცეს აკრედიტაციის კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.
"როგორც იცით, საქართველოში არსებობს რუსეთის მიერ შექმნილი ორგანიზაცია გერა, რომლის ახალი სახელი ახლა სხვა არის - იპოა ჰქვია. მათი წარმომადგენლებს სისტემატურად საჯარო რეესტრში შეჰქონდათ ხოლმე განცხადებები, რომ თითქოს ჩვენი კრებები არ იყო სწორად ჩატარებული, ამ გადაწყვეტილებებში რაღაც იურიდიული უზუსტობები იყო და ამ საფუძვლით ცდილობდა შეეჩერებინა ჩვენი რეგისტრაცია.
გერას წარმომადგენლებმა შეთხზეს რაღაც ოქმი, შეადგინეს დოკუმენტი თითქოს ჩაატარეს ჩვენი ორგანიზაციის კრება, მიიღეს გადაწყვეტილებები, რომ ჩვენ ორგანიზაციას აკრედიტაციაში აღარ მიეღო მონაწილეობა, ასევე აირჩიეს ახალი გამგეობა. მივმართეთ პროკურატურას, იმიტომ, რომ გაყალბებულია დოკუმენტი და მოვითხოვეთ ამ საკითხის შესწავლა სისხლის სამართლებრივი წესით", - ამბობს კობალაძე.