ზ.ხ-ს მამის სახლში აღმოჩენილი მოწყობილობა სამართალდამცველებმა დალუქეს და ექსპერტიზაზე წაიღეს

გამოქვეყნდა:

თამაზ ხომასურიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. დაახლოებით 5 საათის განმავლობაში სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები, პოლიცია და გამომძიებლები მუშაობდნენ. აღმოჩენილი მოწყობილობა სამართალდამცველებმა დალუქეს და ექსპერტიზაზე წაიღეს.

შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის მამა ეჭვობს, რომ მის ბინაში მოსასმენი აპარატი პოლიციამ დაამონტაჟა, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ჩხრეკის დროს. მისივე თქმით მსგავსი მოწყობილობები ჩიქოვანის, საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის სახლშიც იყო დამონტაჟებული. 

გამომძიებლებმა კითხვები თამაზ ხომასურიძეს კიდევ ერთხელ დაუსვეს - რა მოწყობილობის საშუალებით იპოვა მოკროსქემა და ვინ გადასცა სპეციალური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც მან ეს მცირე მიკროსქემა სახლში აღმოაჩინა, რომელზეც ის ფიქრობს, რომ მოსასმენი აპარატია. მისივე თქმით, მან არ დაასახელა სპეციალური მოწყობილობა ვინ მისცა. 

თამაზ ხომასურიძემ დასმული კითხვების ნაწილს არ უპასუხა, რადგან საგამოძიებო მოქმედებებს არ ესწრებოდა მისი შვილის ზ.ხ-ს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი