გიორგი შაქარაშვილის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებული, ზ.ხ-ს ოჯახი პოლიციას თვალთვალში და მიყურადებაში ადანაშაულებს. ზ.ხ.-ს მამამ დღეს, 28 აგვისტოს, მეგობრისგან ნათხოვარი აპარატით საკუთარ სახლში, საძინებელ ოთახში მიკროსქემის მსგავსი მოწყობილობა დენის გამანაწილებლის კოლოფში იპოვა.
ის სამი დღის წინ ჩატარებულ ჩხრეკას იხსენებს, რა დროსაც, როგორც თავად განმარტავს, წესების უხეში დარღვევით, ადვოკატის გარეშე სახლი უკანონოდ გაჩხრიკეს. დაკავებულის მამა ამ მოწყობილობის აღმოჩენის შემდეგ, ამტკიცებს, რომ პოლიციამ, სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატი საწოლთან ახლოს, ჩხრეკის დროს დაუმონტაჟა. მისივე თქმით, ერთ-ერთი დამკვეთი გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძეა. თამაზ ხომასურიძე დიდი ხანია საუბრობს, რომ მას უთვალთვალებენ და მობილურზე უსმენენ.
თამაზ ხომასურიძის ბრალდებას გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე აბსურდულს უწოდებს. ამბობს, ხომასურიძისგან არ უკვირს მსგავსი ტიპის ბრალდებები და დაკავებულის მამას ურჩევს, შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის განცხადებებისგან თავი შეიკავოს.
დღეს, თამაზ ხომასურიძემ მედიასთან გაიხსენა, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ, ვახო ჩიქოვანის სახლში საკუთარი ნივთის წამოსაღებად წასულმა, ჩიქოვანის დედასთან ერთად დღეს აღმოჩენილი მიკროსქემის მსგავსი მოწყობილობა, რომელიც დედასთან შეთანხმებით მტკვარში გადააგდო და პოლიციას არ შეატყობინა. ბრალდებული ჩიქოვანის ადვოკატმა სავარაუდო მოსასმენი აპარატის აღმოჩენის შესახებ არაფერი იცის.
დღეს, ხომასურიძის სახლში რამდენიმე საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ექსპერტ-კრმინალისტებმა აღმოჩენილი, სავარაუდოდ, მოსასმენი მოწყობილობა დალუქეს და ექსპერტიზისთვის განყოფილებაში წაიღეს, ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა ეს ნამდვილად მოსასმენი აპარატი და ხომასურიძის გარდა არის თუ არა სხვისი თითის ანაბეჭდიც.