შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 6 ავტომობილის გაქურდვის გამო 1 პირი დააკავეს. 21 წლის პირი ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება..
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოს ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილზე, მოქალაქეების კუთვნილი 6 ავტომობილის საქარე მინები დააზიანა, მანქანების სალონებში შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა იქ არსებულ სხვადასხვა პირად ნივთებს, - წერია განცხადებაში.
პოლიციამ ბათუმში, 1999 წელს დაბადებული თ.ხ. -ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დაკავებულმა მის მიერ, მიმდინარე თვეში, თბილისში ჩადენილი კიდევ რვა მანქანის გაქურდვის ფაქტი აღიარა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.