სისხლიანი გარჩევა ხევსურეთში - მწყემსებმა ერთმანეთი, სავარაუდოდ, 3 500-ლარიანი ვალის გამო დაჭრეს

გამოქვეყნდა:

სისხლიანი გარჩევა ხევსურეთში - სოფელ როშკაში ორი მწყემსის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. გარჩევის მიზეზი, სავარაუდოდ, ნასესხები 3 500 ლარი გახდა, რომლის დაბრუნებას დავით მოსიაშვილი ზვიად ბექაურს სთხოვდა.

ოჯახის ინფორმაციით, დავით მოსიაშვილმა თავდების საშუალებით, უფროსისგან დაახლოებით 3 500 ლარი ისესხა, რომელიც ზვიად ბექაურს ასესხა და ის ორი წლის განმავლობაში ცდილობდა ამ თანხის დაბრუნებას. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ხევსურეთში, სოფელ როშკაში მუშაობდნენ მწყემსად. ოჯახის წევრების თქმით, ამ თანხაზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ზვიად ბექაურმა კისრის არეში დავით მოსიაშვილს მძიმე დაზიანებები მიაყენა.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ექიმი, კონსტანტინე მუმლაძე ამბობს, რომ პაციენტის ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

პაციენტი შემოყვანილია 25-ში 8 საათსა და 25 წუთზე, კატასტროფის ბრიგადის მიერ. შემოსვლისას აღენიშნებოდა კისრის ღია ჭრილობა, წინა მხრის ღია ჭრილობა და გულ-მკერდის ღია ჭრილობა წინა ზედაპირზე... ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჟამად იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - თქვა კონსტანტინე მუმლაძემ 

ოჯახის ინფორმაციით, ზვიად ბექაური სამართალდამცველებმა ჯერ დააკავეს, შემდეგ კი ხელწერილის სახით სახლში გაუშვეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი