ბიჭი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილს ყველაზე უკეთ იცნობდა, აქამდე არსად გამოჩენილა. თემურ ჭანუყვაძე ამ დრომდე დუმილს ამჯობინებს. თუმცა "მთავარმა" საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს სახლში მიაკითხა. ბაჩალიაშვილის ყოფილი შეყვარებული ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს და კამერებთან გამოჩენა არ სურს. კარს უკან მდგომი თემურ ჭანუყვაძე, განსაკუთრებით, ბაჩანა ლობჟანიძეზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა და ჟურნალისტთან საუბარი საერთოდ აღარ ისურვა.
ალბომიდან ამოღებული ფოტოსურათები, თამარ ბაჩალიაშილის საქმეს თავდაყირა აყენებს. ირკვევა, რომ ახალი ფიგურანტი ბაჩალიაშვილის შეყვარებული, თემურ ჭანუყვაძეა. მათ ფოტოები ახალგაზრდა პროგრამისტის სტუდენტობის დროს, პარიზში გადაიღეს, როდესაც ბაჩალიაშვილს 24 წლის ბიჭმა საფრანგეთში ჩააკითხა. ამ ისტორიის ყველა დეტალი იციან მშობლებმაც, საგამოძიებო უწყებას ფოტოალბომი სწორედ მათ გადასცეს, რომელიც ახალგაზრდა წყვილის 2-წლიან ურთიერთობას ასახავს.
პროკურატურა თემურ ჭანუყვაძისა და თამარ ბაჩალიაშვილის კავშირით მხოლოდ 4 დღის წინ დაინტერესდა. პროგრამისტის შეყვარებულმა საგამოძიებო უწყებას 5 -გვერდიანი ჩვენება მისცა, რომელშიც თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს და ახალგაზრდა პროგრამისტთან ურთიერთობის
შესახებ დეტალურად ყვება. ოჯახის ადვოკატისთვის ბაჩალიაშვილის ურთიერთობებზე აქამდე არსებული ყველა ვერსია გამოგონილია, რამიშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის ნამდვილი შეყვარებული მხოლოდ თემურ ჭანუყვაძეა.
ის, რისიც საზოგადოებას სჯეროდა, ტყუილი აღმოჩნდა. სწორედ ბაჩანა ლობჟანიძე იყო ის ვინც, ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალების შემდეგ ირწმუნებოდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მისი შეყვარებული იყო. თუმცა ფოტომტკიცებულებებით ირკვევა, რომ ბაჩალიაშვილს 2 წლის განმავლობაში სასიყვარულო ურთიერთობა სულ სხვა ადამიანთან ჰქონდა.
გამოკითხავენ, თუ არა მეორედ ახალ ფიგურანტს, უცნობია. თემურ ჭანუყვაძე ერთ-ერთია, რომელსაც შესაძლოა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდეს. თუმცა ოჯახისთვის მისი ჩვენებაც ახალი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს და გამოძიებას საქმის კვალიფიკაციის შეცვლას სთხოვენ.