გამოკითხვის ოქმი დაწერილია გამომძიებლების მიერ - რევაზიშვილის ადვოკატი თანამესაკნის ჩვენებაზე

გამოქვეყნდა:

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული, ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი, შოთა კახიძე ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნის, კობა ჩიტაძის გამოკითხვის ოქმს არადამაჯერებელს და კომიკურს უწოდებს. 

რევაზიშვილის უფლებადამცველი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ გამოკითხვის ოქმი გამომძიებლების მიერაა დაწერილი. მისივე თქმით, კობა ჩიტაძის "შეთითხნილი" ჩვენებით პროკურატურა ცდილობს, ბინძური მეთოდების გამოყენებით, როგორმე მოიპოვოს რაიმე სახის მტკიცებულება და ეს ჩვენება ამის დასტურია. 

ჩვენ გადმოგვეცა ახალი სისხლის სამართლის საქმის მასალები. ამ მასალებში გვხვდება ნიკა რევაზიშვილის ერთ-ერთი თანამესაკნის გამოკითხვის ოქმი... თავისი შინაარსით ეს გამოკითხვის ოქმი არის ძალიან არადამაჯერებელი და კომიკურიც... ეს გამოკითხვის ოქმი დაწერილია გამომძიებლების მიერ და გამოკითხული პირი არის ამ ოქმზე ხელმომწერი პირი, რომლის მიზანს წარმოადგენს, რომ ოქმზე ხელმოწერით მოიპოვოს თავისუფლება... თანამესაკნეც არის პატიმარი და როგორც ჩანს, ამ ჩვენების სანაცვლოდ ეს პატიმარი ფიქრობს, რომ საპროცესო შეთანხმების დადების გზით, თუ სხვაგვარი გზით, მოიპოვებს თავისუფლებას, - ამბობს შოთა კახიძე.

ადვოკატი საუბრობს იმაზეც, რომ 50 000 ლარის შეთავაზება რევაზიშვილის მხრიდან თანამესაკნისთვის, აბსურდულია. 

ჩვენებაში საუბრობს, რომ თითქოს ნიკა რევაზიშვილმა 50 000 ლარის სანაცვლოდ შესთავაზა თანამესაკნეს, რომ მას თავად აეღო თავის თავზე გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა. ამაზე მეტი აბსურდი რა შეიძლება მოიფიქროს გამოძიებამ და პროკურატურამ, - თქვა შოთა კახიძემ.

გადაცემის წამყვანის, თეა ადეიშვილის კითხვაზე, ეს თანამესაკნე ფიგურირებს თუ არა, "ტოიოტა კამრში", ან მერსედესში, ან დაბადების დღეზე ან იმ სუფრაზე, რევაზიშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ თანამესაკნე, კობა ჩიტაძე არსად ფიგურირებს. მისივე თქმით, ის  სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არის დაპატიმრებული. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 აგვისტოს შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული, ნიკოლოზ რევაზიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გავრცელდა, რომელიც მშობლებს გაუგზავნა. პატიმარი წერს, რომ საგამოძიებო უწყება საქმეს აყალბებს და მტკიცებულებებს შლის. რევაზიშვილის წერილი 26 აგვისტოთი თარიღდება. რევაზიშვილი წერილში წერს, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები გაესაუბრნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ მის უდანაშაულობაში დარწმუნებულები იყვნენ, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდათ. მისივე თქმით, სიცრუეა საქმის ერთ-ერთი მოწმის, რევაზიშვილის თანამესაკნის კობა ჩიტიძის ჩვენება - თითქოს მას რევაზიშვილმა "გული გადაუშალა" და 50 000 ლარის სანაცვლოდ შესთავაზა მკვლელობა საკუთარ თავზე აეღო.

ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი