გორის სასამართლო მოსამართლეების გარეშე

გამოქვეყნდა:

ჯამბულ ქარელიშვილი საკუთარი სახლიდან იმ ოჯახის გამოსახლებას ვერ ახერხებს, რომელიც როგორც თავად ამბობს, მის კერძო საკუთრებაში, უკანონოდ იმყოფება. დავის დაწყება გორის რაიონულ სასამართლოში გადაწყვიტა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ადგილზე სამოქალაქო დავების განმხილველი არც ერთი მოსამართლე აღარ ყავთ.

მოსამართლეების დეფიციტის არც გორის რაიონულ სასამართლოში უარყოფენ. იმის გამო, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 3 მოსამართლე დაწინაურდა და ისინი დედაქალაქში გადაიყვანეს, საქმეები სასამართლოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელს, დავით პაპუაშვილს ეწერება. ადვოკატები ამბობენ, რომ პროცესის პარალიზების გამო, მართლმსაჯულების აღრულება ვერ ხდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრში, ამ მხრივ, გორში არსებულ ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ. იურისტი ლექსო მერებაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, სამოქალაქო საქმეების განმხილველი მოსამართლეები დროულად დანიშნოს. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე ადამიანის უფლებები, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული, უხეშად ირღვევა.

მოსამართლეების ერთმანეთის მიყოლებით დაწინაურებას და თბილისში გადაყვანას “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პოლიტიკურ სვლად განიხილავს ოპოზიცია. “ნაციონალურ მოძრაობაში” გორის სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ვალერიან ფილიშვილის მაგალითი მოჰყავთ. ფილიშვილი ერთ-ერთია იმ სამი მოსამართლიდან,  რომელიც დააწინაურეს და თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.

როდის დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გორის სასამართლოში ახალ მოსამართლეებს ჯერ უცნობია. ცნობილია მხოლოდ ერთი, მათ 2000-ზე მეტი განსახილველი საქმე დახვდებათ, რომელიც ამ დრომდე თაროზეა შემოდებული.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი