ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე "მთავარ არხთან" მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს, თუმცა რა გახდა მიზეზი, მისთვის უცნობია. ნაზღაიძის თქმით, თავდამსხმელები ბასრი საგნებითა და დანებით იყვნენ შეიარაღებულნი.
"დაახლოებით 10 ახალგაზრდა ბიჭები მოდიოდნენ ჩვენს პირდაპირ, სადაც აგრესია გამოხატეს ჩემს მიმართ. მერე შეგინება დაიწყო ჩემი მიმართულებით და რომ გავცდით, გავერიდეთ და უკვე შეგინების დროს, რომ მოვტრიალდით უკვე დანები და ბასრი საგნები, გოგო-ბიჭს ყველას ეჭირა. მიწისქვეშა პარკირებიდან გასავლელსაც ვერ ვაგნებდით, იმიტომ, რომ შემოგვესივნენ. უკუსვლით გავდიოდით, რომ ერთი მოტრიალება და, ალბათ, რომელიღაცა დაგვარტყამდა," - ამბობს გიორგი ნაზღაიძე სატელეფონო ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 დეკემბერს, ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ, ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძესა და მის მეგობრებს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა. ნაზღაიძის თქმით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მისთვის დანის ორჯერ დარტყმა სცადა. ტელეწამყვანი ასევე ამბობს, რომ თავდამსხმელებმა მანქანა დაუზიანეს გამვლელს, რომელმაც მათ, დახმარების მიზნით, მანქანა გაუჩერა.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არ არიან.
ასევე ნახეთ: