კლინიკაში რჩება ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მან 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს თბილისში, საცხოვრებელ ბინაში არაერთი ჭრილობა მიაყენა. გოგო კლინიკაში მიყვანიდან მალევე დაიღუპა.
მომხდარის შემდეგ კავლელაშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია და ექიმების თქმით, მდგომარეობა სტაბილურია. ექიმი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოკითხვის რეკომენდაციას არ გასცემენ.
"პაციენტი იმყოფება ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში, გუშინ ჩაუტარდა კარდიო ქირურგიული ოპერაცია, გულის ჭრილობა იყო და გაიკერა ჭრილობა. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილური რჩება. გაუარესების გარეშე. პაციენტის დაკითხვა დღეს არ მოხდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. [რეანიმაციაში დარჩება] სავარაუდოდ ხვალამდე", - ამბობს ექიმი.
წყვილს 4 თვის ბავშვი ჰყავდა.
შეგახსენებთ, ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში უნდა დარეკოთ 112-ზე. ასევე ნებისმიერს შეუძლია ჩამოტვირთოს 112-ის მობილური აპლიკაცია და მიმოწერით, ზარით ან SOS!!! ღილაკით დაუკავშირდეს ოპერატორს. შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე - 116 006 / კონსულტაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამედიცინო საკითხებზე უფასოა და დაცულია ანონიმურობა.