დაზიანება ავტომობილზე და დაკარგული "ფლეშკა" - ბაჩალიაშვილის საქმის საეჭვო გარემოებები

გამოქვეყნდა:

მეხსიერების ბარათი, რომელიც შესაძლოა გამოძიებისთვის მთავარი მტკიცებულება ყოფილიყო საქმიდან საბოლოოდ გაქრა. თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ნივთმტკიცებას დღეს 2 საათის განმავლობაში თავად ეძებდა. ე.წ. ფლეშკა საქმის მასალებში არ იდო. ახლა, როცა პროგრამისტის პირადი ნივთი ვერც ავტომობილში ნახეს, ბაჩალიაშვილის მამა დარწმუნდა, რომ მეხსიერების ბარათი, გამოძიების პირველ ეტაპზე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ გააქრო. 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან 45 დღის შემდეგ, საქმეში კიდევ ერთი საეჭვო გარემოება ჩნდება. რატომ არ იყო ავტომობილის გამაგრილებელი სისტემა ჩართული მაშინ, როდესაც ახალგაზრდა პროგრამისტი რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩაკეტილი შუშებით გადაადგილდებოდა. იყო, თუ არა გამოყენებული ე.წ ბუქსირი.

კიდევ ერთი დეტალი, რაც აქამდე არავის შეუმჩნევია, ავტომობილის წინა მარჯვენა კარზე არსებული დაზიანებაა. რა ვითარებაში მიიღო მანქანამ ეს დაზიანება- შეკითხვას ექსპერტიზამ უნდა უპასუხოს. როდის ჩაირთო ავტომობილის ძრავი და რამდენი კილომეტრი გაიარა პროგრამისტმა- ეს საქმის კიდევ ერთი გაურკვევლობაა. 

საქმის პროკურორმა მთავარ შეკითხვებს დღეს თავი აარიდა და თქვა მხოლოდ ის, რომ გამოძიება ავტომობილის ტექნიკური შესაძლებლობითა და  შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი საბურავების კვალით არის დაინტერესებული. 

ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი შოთიკო ჭაბაშვილია. თეონა თამაზაშვილის თქმით, ჭაბაშვილს ვარკეთილის მეტროსთან ჯერ უცნობმა პირმა ტელეფონი წაართვა, შემდეგ კი პოლიციაში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

თეონა თამაზაშვილის მიერ, აქციაზე გაკეთებული სკანდალურ განცხადების შემდეგ, ოჯახმა მუქარისშემცველი კომენტარები სოციალურ ქსელში მიიღო. თეონა თამაზაშვილს აფრთხილებდნენ, რომ მას მეორე შვილიც ჰყავს და შეცდომები აღარ უნდა დაუშვას.  

ადვოკატმა მუქარისშემცველი კომენტარების შესახებ საგამოძიებო უწყებას უკვე აცნობა. 

ახალგაზრდა პროგრამისტის სიკვდილთან დაკავშირებით საქმის მასალებზე წვდომა არ აქვს სახალხო დამცველს და ფორმით ჩაერთვება ომბუდსმენი საქმეში ხვალ 2 საათზე გადაწყდება. ოჯახი ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას ხვალ გეგმავს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი