"ლაშა დარსალია შეიძლება კარგი დიპლომატია, მაგრამ კარტოგრაფიაში ნამდვილად ვერ ერკვევა, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რასაც ჩვენ, დაცვის მხარე ვუთითებდით, დაადასტურა" - ამის შესახებ ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდების მხარის მოწმემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვერ დაასახელა ვერცერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ივერი მელაშვილი რაიმე სახის მოლაპარაკებებში ყოფილიყო, სადაც საქართველოს ინტერესი დაზიანდა.
"დაადასტურა ის, რომ არაერთხელ მისი მონაწილეობით განხილულა და აღნიშნულა იმის შესახებ, რომ 1996 წელს, ქართული მხარის პოზიცია საზღვრის ხაზთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა 1938 წლის საზღვრის ხაზზე, რომელიც დაბეჭდილი იყო 1942-43 წლის 100 000-იანი მასშტაბის რუკებზე. ვერ დაასახელა ვერცერთი მონაკვეთი, სადაც საზღვარი შეთანხმებულია აზერბაიჯანულ მხარესთან და რომლის გადახედვასაც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს, ან მიაჩნია, რომ არის უკანონო, ან არის ქართული მხარის ინტერესის დამაზიანებელი.
მოწმემ ვერ თქვა და ვერ დაასახელა ვერცერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ბრალდებულებს, ამ შემთხვევაში ბატონ ივერი მელაშვილს, რაიმე სახის პოზიცია ჰქონოდა ან რაიმე სახის მოლაპარაკებებში ყოფილიყო, სადაც საქართველოს ინტერესი დაზიანებულიყო. ის გარემოებები, რაზეც ჩვენ ვუთითებდით, ეს არის ქრონოლოგია და მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია, როგორც ჩვენ აღვწერდით, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ზუსტად ისეა მოცემული", - განაცხადა მშვენიერაძემ [ინტერპრესსნიუსი]
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჩვენება მისცა.