შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო საავტომობილო" დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, სიგარეტი "ჟიგულის" მარკის მანქანის ფარში იყო დამალული.
უწყება ამბობს, რომ ჯამში - 12 800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, კინოლოგ ოფიცრისა და თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენაზე გაწვრთნილ სამსახურებრივ ძაღლთან ერთად განხორციელებული კონტროლის პროცედურების ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, ჯამში - 12 800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს", - წერია განცხადებაში.
საქმის მასალები შემდგომი, რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.