დაკავებული პოლიციელისთვის პროკურატურა პატიმრობას ითხოვს - ავტოსაგზაო შემთხვევა ლისზე

გამოქვეყნდა:

პატრულ-ინსპექტორს, რომელიც ლისის  გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დააკავეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

მთავარი საგამოძიებო უწყება დაკავებული  პოლიციელისთვის აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვს და საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უახლოეს საათებში მიმართავს

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ბერიტაშვილის ქუჩაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა ი.ც.-მ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და მისი მართვის ქვეშ მყოფი საპატრულო პოლიციის ავტომანქანით, საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულეს, 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო მ.გ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა-ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ი.ც. 31 აგვისტოს დააკავეს. 01 სექტემბერს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავს.  
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 30  აგვისტოს  მოხდა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი