თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე აღკვეთის ღონისძიების სხდომას ბრალდებული ორი პოლიციელიდან მხოლოდ ერთი - დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ესწრებოდა, ხოლო ამირან ნაჭყებიამ პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.
ქვაჭრელიშვილმა სხდომის დასაწყისში მედიას მიმართა და საქმის გარემოებებზე ისაუბრა, რაც დარბაზიდან მისი გაძევების მიზეზი გახდა. ის მოსამართლის მოწოდებებს არ დაემორჩილა და პროკურორს უყვირა:
"აქ იმიტომ ვზივარ მე დღეს, რომ საერთაშორისო ნარკოტიკების მომხმარებელი, გამსაღებელი და ოთხჯერ ნაჯდომი სხვადასხვა ქვეყანაში, რუსის ეროვნების წარმომადგენლის, ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში არის ნაჯდომი ნარკოტიკების გასაღებაზე, გვყავდა უსაფრთხოდ მოყვანილი პოლიციაში თვითონ შემოგვთავაზა ნარკოტიკების გამსაღებელთან თანამშრომლობა და თქვა, რომ ჩამოვიკიდებ კამერას და კოკაინსაც აგაღებინებთ და ამის შემდეგ პიროვნებას ვუშვებთ სახლში. მეორე დღეს, რვა საათზე დაწერა განცხადება წარმოიდგინეთ, მე, პოლიციის პოლკოვნიკმა, იძახიან რომ ქრთამი ავიღე, არავითარი ფული ხელში არ მიჭირავს, არც მტკიცებულებაა, არც არაფერი.
რუსი ბარიგის ნათქვამზე ვარ დაპატიმრებული მე, პოლიციის პოლკოვნიკი...ჩუმად იყავი, ჩაიგდე ხმა "- თქვა დაპატიმრებულმა ყოფილმა პოლიციელმა, რის შემდეგაც მან დარბაზი დატოვა
პროკურატურა ორივე მათგანისთვის აღკვეთის სახით, პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილ უფროსს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (საჯარო მოხელის მიერ ქრთამის აღება, ჩადენილი გამოძალვით).
მის ყოფილ მოადგილეს, ამირან ნაჭყებიას კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.