გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის მთავარ ნივთმტკიცებაზე - წელის ჩანთაზე, არცერთი ბრალდებულის დნმ არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩილ გაგნიძის ტანსაცმელი საკნიდან უკვალოდ გაქრა, ოჯახი დარწმუნებულია, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ გამოძიება ვერაფერს წარადგენს.
ბიოლოგიურმა და გენეტიკურმა ექსპერტიზამ სახელმწიფო ბრალდების ვერსია სრულად გააბათილა.
თავდაპირველად გამოძიება ვარაუდობდა, რომ ბეტონის ბურჯზე, ჩანთა თავად 19 წლის ფეხბურთელმა დადო, თუმცა შუალედურმა დასკვნამ დატოვა კითხვა - ვის ეკუთვნის წელის ჩანთაზე აღმოჩენილი ორი ახალი დნმ.
ჯამში ექსპერტიზამ დნმ-ის 5 კვალი აღმოაჩინა. მათგან ერთი გიორგი შაქარაშვილს, მეორე ჩანთის მფლობელს, მესამე კი სავარაუდოდ, ფეხბურთელის ნათესავს ეკუთვნის. ორი გენეტიკური პროფილი შესაძლოა სრულიად უცხო ადამიანის იყოს, რომელიც საქმეში ახალი ფიგურანტი გახდება.
ვინ დადო შაქარაშვილის წელის ჩანთა ბეტონის ბურჯზე- ეს ბურუსით მოცულ საქმეში მთავარი შეკითხვაა. თუმცა მოულოდნელად, ახალ ტომებში ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნის საეჭვო ჩვენება გაჩნდა, სადაც კობა ჩიტიძე ყვება, რომ საბედისწერო ღამეს წელის ჩანთა არაგვის ხიდთან ბრალდებულმა ა.ქ-მ დადო.
კობა ჩიტიძის ჩვენების გავრცელებამდე, ნიკოლოზ რევაზიშვილი ამ სცენარის შესახებ მისივე წერილში ყვებოდა. თანამესაკნის გამოკითხვის ოქმში კიდევ ერთი საეჭვო გარემოება თავად ბრალდებულს ეხება, რომელიც, თითქოს კობა ჩიტიძეს უყვება, რომ მისმა მეუღლემ შაქარაშვილის მკვლელობის ყველა დეტალი იცის.
პროკურატურა, რომ ფაქტების გაყალბებას ცდილობს ამაში დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ ნიკოლოზ რევაზიშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები. უფლებადამცველმა ბრალდებულის თანამესაკნის გამოკითხვის ოქმში, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე, პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსია ერთი-ერთში ამოიკითხა.
ახალი გარემოებების აღმოჩენის პარალელურად, მცხეთის სასამართლომ დღეს სულ 7 მოწმე გამოკითხა. მათ შორის საბედისწერო ღამეს აგარკზე მყოფი ე.ხ იყო, რომელმაც არც გამოკითხვამდე და არც მისი დასრულების შემდეგ განმარტება არ გააკეთა.
არასრულწლოვნების პროცესზე დღეს პროკურატურა ვიდეომტკიცებულებებით მივიდა. ერთ-ერთი ეპიზოდი "ლიდერფუდის" სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან არის ამოღებული, სადაც პროკურატურა მოწმეებს დაპირისპირებაში მონაწილე კონკრეტული ფიგურანტების ამოცნობას სთხოვდა.